ნაგულისხმევად, Tor-ბრაუზერი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას მიმოცვლილი მონაცემების დაშიფვრით. დამატებით, შეგიძლიათ გაზარდოთ უსაფრთხოება, ვებგვერდებზე გარკვეული სახის შესაძლებლობების გათიშვით, რომლებიც სახიფათოა თქვენი დაცულობისა და ვინაობის გაუმხელობისთვის. ამის გაკეთება, Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების პარამეტრებიდანაა შესაძლებელი, დაცვის მენიუში. Tor-ბრაუზერის დაცვის დონის გაზრდით, ზოგიერთი ვებსაიტი გამართულად ვერ იმუშავებს, ასე რომ მოგიწევთ გარკვეული წონასწორობის შერჩევა, უსაფრთხოებასა და გამოყენების მოხერხებულობას შორის.

უსაფრთხოების პარამეტრებთან წვდომა

უსაფრთხოების პარამეტრებთან წვდომისთვის, დაწკაპეთ ფარის ნიშანზე, Tor-ბრაუზერის მისამართების ველის გვერდით. უსაფრთხოების პარამეტრების სანახავად და შესარჩევად, ფარის მენიუში დაწკაპეთ ღილაკზე „უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები...“.

უსაფრთხოების დონეები

უსაფრთხოების დონის აწევა Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების პარამეტრებიდან, გათიშავს ან ნაწილობრივ შეზღუდავს ბრაუზერის გარკვეულ შესაძლებლობებს, შეტევებისგან დაცვის გასაძლიერებლად. ამ პარამეტრების ხელახლა ჩართვა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ უსაფრთხოების დონის შერჩევით.

ჩვეულებრივი
მოცემული დონისთვის, Tor-ბრაუზერისა და ვებსაიტების შესაძლებლობები ჩართულია.
მეტად დაცული
ეს დონე გათიშავს საიტის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მეტად საფრთხისშემცველია. სავარაუდოდ საიტების ნაწილი ვერ იმუშავებს გამართულად. JavaScript გათიშულია HTTPS-ს არმქონე ყველა საიტზე; შრიფტებისა და მათემატიკური სიმბოლოების ნაწილი გათიშულია; ვიდეოები და ხმოვანი ფაილები (HTML5-ფორმატის) ეშვება დაწკაპებით.
სრულიად დაცული
ამ დონეზე დაშვებულია მხოლოდ ის შესაძლებლობები, რომლებსაც საჭიროებს უცვლელი შიგთავსის მქონე საიტები და ძირითადი მომსახურებები. ცვლილებები შეეხება სურათებს, ფაილებსა და სკრიპტებს. JavaScript ნაგულისხმევად გათიშულია ყველა საიტზე; შრიფტების, მათემატიკური სიმბოლოებისა და სურათების ნაწილი გათიშულია; ვიდეოები და ხმოვანი ფაილები (HTML5-ფორმატის) ეშვება დაწკაპებით.