მისაერთებელი გადამყვანების დიდი ნაწილი, მათ შორის obfs4, ეფუძნება „ხიდურ“ გადამცემებს.
Tor-ის ჩვეულებრივი გადამცემების მსგავსად, ხიდებიც გაშვებულია მოხალისეების მიერ; თუმცაღა, განსხვავებით რიგითი გადამცემებისა, ისინი არაა საჯაროდ გამოქვეყნებული, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ვერ შეძლებს მათ ადვილად აღმოჩენას.
ხიდების გამოყენება მისაერთებელ გადამყვანებთან ერთად გამოსადეგია Tor-ით სარგებლობის შესანიღბად, თუმცა შესაძლოა შეანელოს კავშირი ჩვეულებრივ Tor-გადამცემებთან შედარებით.
სხვა მისაერთებელი გადამყვანები, როგორებიცაა meek და Snowflake, იყენებს ცენზურის ასარიდებელ განსხვავებულ საშუალებებს, რომლებიც არ საჭიროებს ხიდის მოძიებას. თქვენ არ დაგჭირდებათ ხიდების მისამართების მოპოვება მათ გამოსაყენებლად.
გადამცემი ხიდების მისამართების მიღება
ვინაიდან გადამცემი ხიდები არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი, დაგჭირდებათ მათი მოთხოვნა. გაქვთ რამდენიმე არჩევანი:
ხიდების მოთხოვნა Tor-ბრაუზერშივე
თუ პირველად უშვებთ Tor-ბრაუზერს, დაწკაპეთ „კავშირის გამართვა“ Tor-პარამეტრების ფანჯრის გასახსნელად.
„ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „სხვა ხიდების მოძიება“ და შემდეგ დაწკაპეთ „ხიდების მოთხოვნა“, შედეგად კი Tor-პროექტი მოგაწვდით რომელიმე მათგანს.
გაიარეთ Captcha-შემოწმება და დაწკაპეთ „გაგზავნა“.
დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.
ანდაც, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡), ხოლო შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე.
„ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „სხვა ხიდების მოძიება“ და შემდეგ დაწკაპეთ „ხიდების მოთხოვნა“, შედეგად კი Tor-პროექტი მოგაწვდით რომელიმე მათგანს.
გაიარეთ Captcha-შემოწმება და დაწკაპეთ „გაგზავნა“.
თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისთანავე.

ხიდების გამოთხოვა ვებსაიტიდან
იხილეთ გადამცემი ხიდების ვებსაიტი.
მხოლოდ დაწკაპეთ 'Just give me bridges!' და აიღეთ ხიდის მონაცემების ასლი.
დამატებითი საშუალების გამოყენებისთვის სახეობად მიუთითეთ მისაერთებელი გადამყვანი და მოწოდებული ხიდები იქნება მხოლოდ IPv6-მისამართით.
ხიდების მოპოვება ელფოსტით
ელფოსტის bridges@torproject.org მისამართზე გამოსაგზავნად გამოიყენეთ Gmail ან Riseup და აიღეთ მიღებული ხიდების ასლი.
ხიდების მოპოვება Telegram-ით
გაუგზავნეთ წერილი @GetBridgesBot-ს Telegram-ზე.
შეხებით გამოიყენეთ 'Start' ან აკრიფეთ /start
ან /bridges
მიმოწერის არეში.
აიღეთ ხიდის მისამართების ასლი.
გადამცემი ხიდების მისამართების შეყვანა
Tor-ბრაუზერი კომპიუტერზე
თუ პირველად უშვებთ Tor-ბრაუზერს, დაწკაპეთ „კავშირის გამართვა“ Tor-პარამეტრების ფანჯრის გასახსნელად.
„ხიდის“ არეში „ნაცნობი ხიდების შეყვანისას“ დაწკაპეთ „ახალი ხიდის დამატება“ და შეიყვანეთ თითოეული ხიდის მისამართი ცალკე ხაზზე.
დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.
ანდაც, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡), ხოლო შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე.
„ხიდის“ არეში „ნაცნობი ხიდების შეყვანისას“ დაწკაპეთ „ახალი ხიდის დამატება“ და შეიყვანეთ თითოეული ხიდის მისამართი ცალკე ხაზზე.
თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისას.

Tor-ბრაუზერი Android-ზე
შეეხეთ „პარამეტრებს“ (⚙️) და შემდეგ ჩაუყევით, რომ იხილოთ „კავშირის“ განყოფილება პარამეტრებში.
შეეხეთ „ხიდის გამართვას“.
გადართეთ „ხიდის გამოყენება“ და აირჩიეთ „ნაცნობი ხიდის მითითება“.
შეიყვანეთ ხიდის მისამართი.
თუ დაკავშირება ვერ მოხერხდა, მოცემული გადამცემი ხიდები შესაძლოა აღარ იყოს მოქმედი. გთხოვთ, ზემოთ აღნიშნული გზების საშუალებით მოითხოვოთ სხვა ხიდების მისამართები და სცადოთ ხელახლა.
ხიდნიშანი
თითოეული ხიდის მისამართი წარმოდგენილია ღიმილაკებით, სახელწოდებით ხიდნიშანი. ხიდნიშნებით შეიძლება გადამოწმება, წარმატებით დაემატა თუ არა სასურველი ხიდი.
ხიდნიშნები ხიდების ამოსაცნობი ადვილად აღსაქმელი საშუალებებია და არ გამოიყენება Tor-ქსელთან კავშირის ხარისხის ან ხიდის მიმდინარე მდგომარეობის აღმნიშვნელად.
ღიმილაკების ნიშნები არ გამოდგება შესაყვანად. მომხმარებლებს სრულად მოუწევთ ხიდის მისამართის მითითება მასთან კავშირის დასამყარებლად.

ხიდის მისამართის გაზიარება შესაძლებელია QR-კოდით ან მთლიანი მისამართის ასლის აღებით.
