Onion-მომსახურებები (წინათ ცნობილი, როგორც DarkNet ანუ „ჩრდილოვანი ქსელი“) წარმოადგენს მომსახურებებს მსგავსად საიტებისა, რომლებიც მხოლოდ Tor-ქსელის საშუალებითაა ხელმისაწვდომი.
Onion-მომსახურებებს გააჩნია გარკვეული უპირატესობები, ჩვეულებრივ, დაუცველ ქსელთან შედარებით:
- Onion-მომსახურებების მდებარეობა და IP-მისამართები დამალულია, რაც ართულებს ზედამხედველებისა და ცენზორების მიერ მათ აღმოჩენასა ან მათი გამშვებების დადგენას.
- მიმოცვლილი მონაცემები Tor-ის მომხმარებლებსა და Onion-მომსახურებებს შორის დაცულია გამჭოლი დაშიფვრით, ასე რომ შეგიძლიათ არ იდარდოთ HTTPS-ით დაკავშირებაზე.
- Onion-მომსახურების მისამართი თავისით იქმნება, ასე რომ საიტის მმართველს, არ ესაჭიროება დომენური სახელის შეძენა.
- ვინაიდან დაშიფვრაში მონაწილეობს, .onion ბმული ეხმარება Tor-ს დაადასტუროს, რომ კავშირი მართებულ მისამართთანაა დამყარებული და უნებართვო ჩარევა გამორიცხულია.
წვდომის მიღება ONION-მომსახურებებთან
ჩვეულებრივი ვებსაიტების მსგავსად, გესაჭიროებათ Onion-მომსახურების ზუსტი მისამართის ცოდნა მასთან დასაკავშირებლად. Onion-მისამართი, როგორც წესი, შედგება 56 ასობგერისა და ციფრისგან დაბოლოებით „.onion“.
როდესაც უკავშირდებით ვებსაიტს, რომელიც onion-მომსახურებას იყენებს, Tor-ბრაუზერი გაჩვენებთ მისამართების ველში ხახვის ხატულას, კავშირის მდგომარეობის აღსანიშნავად: უსაფრთხოა და იყენებს onion-მომსახურებას. ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ Onion-მომსახურებას ხახვის ნიშანზე შეხებით წრედის გამოსახულების გვერდით მისამართების ველში.
კიდევ ერთი საშუალება Onion-საიტზე ინფორმაციის მისაღებად, თუ საიტის მფლობელს აქვს დანერგილი, არის Onion-მდებარეობა. Onion-მდებარეობა არის განსხვავებული სახის HTTP-თავსართი, რომლითაც საიტებს შეუძლია თავიანთი onion-ასლის ხალხისთვის შეთავაზება. თუ ვებსაიტს, რომელსაც სტუმრობთ, გააჩნია Onion-საიტიც, იისფერი შემოთავაზება გამოჩნდება მისამართების ველში ტექსტით „.onion ხელმისაწვდომია“. როცა დაწკაპებთ „.onion ხელმისაწვდომიას“, ვებსაიტი ახლიდან ჩაიტვირთება უკვე onion-მისამართიდან.
დამოწმება ONION-მომსახურებით სარგებლობისას
დამოწმებული onion-მომსახურება ისეთი მომსახურებაა, რომელიც საჭიროებს კლიენტის მხრიდან დასამოწმებელი საბუთის წარმოდგენას, მომსახურებასთან წვდომის მისაღებად. როგორც Tor-მომხმარებელმა, შეგიძლიათ დაამოწმოთ ვინაობა პირდაპირ Tor-ბრაუზერში. მომსახურებასთან კავშირისთვის, დაგჭირდებათ მონაცემები, რომლებსაც Onion-მომსახურება მომსახურება მოგაწვდით. როდესაც ეწვევით დამოწმებულ onion-მომსახურებას, Tor-ბრაუზერი მისამართების ველში გამოაჩენს პატარა რუხ გასაღებს, თანდართული წარწერით. შეიყვანეთ სათანადო საიდუმლო გასაღები, შესატან ველში.
ONION-მომსახურებების შეცდომები
თუ ვერ უკავშირდებით Onion-საიტს, Tor-ბრაუზერი მოგაწვდით შეცდომის შესაბამის შეტყობინებას, თუ რატომაა საიტი მიუწვდომელი. შეცდომები სხვადასხვა შრეზე შეიძლება წარმოიშვას: კლიენტის მხარეს, ქსელში ან მომსახურების მხარეს. ზოგიერთი შეცდომა შეიძლება გამოსწორდეს ხარვეზების აღმოფხვრის არედან. ცხრილში ქვემოთ ნაჩვენებია ყველა შესაძლო შეცდომა და მოქმედება, რომელიც გამოსადეგია ხარვეზის გამოსასწორებლად.
კოდი | შეცდომის დასახელება | მოკლე აღწერა |
---|---|---|
0xF0 | Onion-საიტი ვერ მოიძებნა | უმეტესად შედეგია იმისა, რომ საიტი არაა ხაზზე. მიმართეთ Onion-საიტის ხელმძღვანელობას. |
0xF1 | Onion-საიტი არაა ხელმისაწვდომი | Onion-საიტი მიუწვდომელია შიდა შეცდომის გამო. |
0xF2 | Onion-საიტი გათიშულია | უმეტესად შედეგია იმისა, რომ Onion-საიტი არაა ხაზზე. მიმართეთ Onion-საიტის ხელმძღვანელობას. |
0xF3 | ვერ უკავშირდება Onion-საიტს | Onion-საიტზე შეფერხებაა ან Tor-ქსელია გადატვირთული. კვლავ სცადეთ მოგვიანებით. |
0xF4 | Onion-საიტი საჭიროებს შესვლის დამოწმებას | Onion-საიტთან წვდომისთვის საჭიროა გასაღები, რომელიც არ მითითებულა. |
0xF5 | Onion-საიტზე დამოწმება ვერ მოხერხდა | მითითებული გასაღები არასწორი ან გაუქმებულია. მიმართეთ Onion-საიტის ხელმძღვანელობას. |
0xF6 | Onion-საიტის არამართებული მისამართი | მოცემული Onion-საიტის მისამართი არასწორია. გთხოვთ, გადაამოწმოთ შეყვანამდე. |
0xF7 | Onion-საიტის წრედის შექმნის დრო ამოიწურა | ვერ მოხერხდა Onion-საიტთან მიერთება, შესაძლოა სუსტი კავშირის გამო. |
ხარვეზების მოგვარება
თუ საჭირო Onion-მომსახურებასთან წვდომას ვერ ახერხებთ, დარწმუნდით რომ მისამართი სწორად შეგყავთ: მცირე შეცდომაც კი არ მისცემს Tor-ბრაუზერს საიტთან წვდომის საშუალებას.
თუ წვდომას ცდილობთ 16 ასონიშნისგან (მოკლედ – V2 სახეობის) შემდგარ Onion-მომსახურებასთან, ამგვარი მისამართები მოძველებულია და აღარ მუშაობს ამჟამინდელ Tor-ქსელში.
ამასთანავე, Onion-მომსახურებებთან წვდომის გადასამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ DuckDuckGo Onion-მისამართით.
თუ მაინც ვერ ახერხებთ დაკავშირებას Onion-მომსახურებასთან მისამართის გადამოწმების შემდეგაც, გთხოვთ სცადოთ ხელახლა მოგვიანებით. შესაძლოა დროებითი შეფერხება იყოს ან საიტის ხელმძღვანელობამ გაუფრთხილებლად გამოთიშა ხაზიდან.