ყველაზე მეტად უსაფრთხო და მარტივი გზა Tor-ბრაუზერის ჩამოსატვირთად, Tor-პროექტის ოფიციალური ვებსაიტია https://www.torproject.org/ka/download. თქვენი კავშირი საიტთან დაცულია HTTPS-არხით, რომელიც არ აძლევს უცხო პირებს კავშირში ჩართვის ან გვერდის გაყალბების საშუალებას.

მიუხედავად ამისა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, არ იყოს შესაძლებელი Tor-პროექტის საიტთან წვდომა: მაგალითად, როცა შეზღუდულია თქვენი ქსელიდან. ასეთ შემთხვევებში, სანაცვლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მითითებული გზები:

სათადარიგო ბმულები

თუ ვერ ახერხებთ Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვას Tor-პროექტის მთავარი საიტიდან, სანაცვლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ოფიციალური სათადარიგო ბმულები, ან EFF, ან Calyx Institute.

GetTor

GetTor წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც წერილზე პასუხის სახით ავტომატურად აგზავნის Tor-ბრაუზერის უახლესი ვერსიების ჩამოსატვირთ ბმულებს, განთავსებულს სხვადასხვა საიტებზე, როგორებიცაა Dropbox, Google Drive და GitHub.

GETTOR-ის გამოყენება ელფოსტით

გაგზავნეთ წერილი ელფოსტაზე gettor@torproject.org და შიგთავსში ჩაუწერეთ მხოლოდ „windows“, „osx“ ან „linux“ (ბრჭყალების გარეშე), თქვენი სისტემის შესაბამისად. მაგალითად, Tor-ბრაუზერის ჩამოსატვირთად Windows-ისთვის, გაგზავნეთ წერილი ელფოსტაზე gettor@torproject.org სიტყვით „windows“.

GetTor ავტომატურად უპასუხებს წერილს ელფოსტაზე ბმულებით, რომლებითაც შეგეძლებათ ჩამოტვირთოთ Tor-ბრაუზერის დასაყენებელი პროგრამა დაშიფრული ხელმოწერით (ჩამოტვირთული ფაილის ნამდვილობის შესამოწმებლად), ერთგვარი გასაღების ანაბეჭდით, რომელიც წარმოადგენს ფაილის სადარჯამს. ასევე შესაძლოა, შემოთავაზებული იყოს არჩევანი „32-ბიტიანსა“ და „64-ბიტიანს“ შორის: ეს დამოკიდებულია თქვენი კომპიუტერის სისტემაზე.

GETTOR-ის გამოყენება TELEGRAM-ით

გაუგზავნეთ წერილი @GetTor_Bot-ს Telegram-ზე.

  • შეეხეთ ღილაკს 'Start' ან აკრიფეთ /start მიმოწერის არეში.

  • აირჩიეთ ენა.

  • ორი გზა იქნება Tor-ბრაუზერის ჩამოსატვირთად.

    • შეეხეთ ტექსტს 'Send me Tor Browser' და აირჩიეთ თქვენი საოპერაციო სისტემა. GetTor გიპასუხებთ ჩამოსატვირთი Tor-ბრაუზერის ფაილითა და მისი ხელმოწერით ნამდვილობის დასამოწმებლად.
    • შეეხეთ ტექსტს 'Send me other mirrors for the Tor Browser', რომ ჩამოტვირთოთ რომელიმე სათადარიგო ბმულიდან.

GetTor Bot