ბრაუზერით ამოცნობის შესახებ
ბრაუზერის ამოცნობა მონაცემების მუდმივ აღრიცხვას გულისხმობს ბრაუზერის შესახებ, რომ მარჯვედ მოხერხდეს ვინაობის ან მახასიათებლების დადგენა.
ბრაუზერის ყოველი პარამეტრი და შესაძლებლობა წარმოქმნის „ამოსაცნობ ანაბეჭდს“.
ბრაუზერების უმეტესობა თავისდაუნებურად ქმნის სხვებისგან გამოსარჩევ ანაბეჭდს თითოეული მომხმარებლისთვის, რის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება თვალის მიდევნება ინტერნეტში.
ბრაუზერის ამოცნობის სიღრმისეულად გასაცნობად იხილეთ სტატიები Tor-სვეტზე: ბრაუზერის ამოცნობა: შესავალი და მომავალი გამოწვევები, აგრეთვე Tor-ბრაუზერი: საწინდარი გვერდების პირადი თვალიერებისთვის სიახლეების დასანერგად.
რატომაა ბრაუზერით ამოცნობა სახიფათო პირადულობისთვის?
ჯერ ერთი, არავინ ითხოვს ნებართვას მომხმარებლის შესახებ მონაცემების შეგროვებისას.
ბრაუზერში გაშვებულ ნებისმიერ კოდს შეუძლია შეუმჩნევლად ააგოს მოწყობილობის ამოცნობის მახასიათებლები ისე, რომ მომხმარებელს წარმოდგენაც არ ექნება ამის შესახებ.
ამასთანავე, თუ ბრაუზერის ანაბეჭდი რომელიმე მახასიათებლით ან რამდენიმე მახასიათებლის ერთობლიობით სხვებისგან გამოირჩევა, ადვილად შეიძლება მისი ამოცნობა და თვალის დევნება ინტერნეტში.
ეს ნიშნავს, რომ ფუნთუშების გამოუყენებლადაც შეიძლება მოწყობილობის მიდევნება ანაბეჭდის მეშვეობით.
როგორ აღკვეთს Tor-ბრაუზერი ამოცნობის მცდელობებს
Tor-ბრაუზერი ისეა მომართული, რომ რაც შეიძლება მეტად შეამციროს სხვადასხვა მახასიათებლის გაზომვით თითოეული მომხმარებლის გამორჩევის შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია სრულიად დავამსგავსოთ Tor-ბრაუზერის ყველა მომხმარებელი ერთმანეთს, მიზანია, რაც შეიძლება მეტად შევამციროთ სხვაობა „კალათებს“ შორის თითოეული მახასიათებლით.
ამგვარი მიდგომა აძნელებს ცალკეული მომხმარებლისთვის თვალის მიდევნებას შედეგიანად.
ზოგიერთი მახასიათებელი, მათ შორის სისტემა და ენა, აუცილებელია საქმიანობისთვის და სრულად ვერ დაიფარება ან შეინიღბება.
სამაგიეროდ, Tor-ბრაუზერი ზღუდავს ამ მახასიათებლების მრავალგვარობას და ამცირებს გარჩევის შესაძლებლობას.
მაგალითად, ამცირებს შრიფტების ნუსხასა და დაჰყავს გარკვეული ოდენობის ასონიშნებამდე, უზრუნველყოფს ეკრანისა და ფანჯრის ზომების ერთგვაროვნებას მოჩარჩოებით, ამასთანავე, ზღუდავს მოთხოვნილი ენების მრავალფეროვნებას წინასწარ განსაზღვრული მცირე ნაკრებით.
მთავარი მიზანი ამოცნობის აღსაკვეთი დაცვისა Tor-ბრაუზერში ისაა, რომ საგრძნობლად გააძნელოს მომხმარებლის სხვებისგან გამოსარჩევი მონაცემების შეგროვება, რაც თავისმხრივ აუმჯობესებს პირადულობას საჭირო შესაძლებლობების დათმობის გარეშე.
ამოცნობის ასარიდებელი შესაძლებლობები Tor-ბრაუზერში
მოჩარჩოება
ეკრანის ზომებით ამოცნობის ასარიდებლად Tor-ბრაუზერის ფანჯრის საწყის ზომა მრგვალდება 200px x 100px რიცხვების ჯერადებამდე.
მთავარი გეგმაა, რომ მომხმარებლები მოვაქციოთ საერთო კალათში, ცალკეული მათგანის გამორჩევა რომ გაძნელდეს.
ეს ყველაფერი მუშაობს მანამ, მომხმარებელი შეცვლის ფანჯრის ზომებს (მაგ. გაშლის სრულ ეკრანზე).
Tor-ბრაუზერს ამგვარი შემთხვევებისთვისაც გააჩნია ამოცნობისგან დაცვის საშუალება, სახელწოდებით მოჩარჩოება, ერთგვარი ხრიკი, რომლის შემმუშავებელიცაა Mozilla და პირველად 2019 წელს იყო წარმოდგენილი.
იგი ამატებს დაშორებებს ბრაუზერის ფანჯრის შიგნით, რომ რაც შეიძლება მეტად მიაახლოვოს სასურველ ზომებს და მომხმარებლები ერთგვაროვან ჯგუფად აქციოს, რაც გააძნელებს რომელიმე მათგანის სხვებისგან გამორჩევას ეკრანის სიგრძე-სიგანის მეშვეობით.
სხვა სიტყვებით, ეს ხერხი ქმნის მომხმარებელთა ჯგუფებს ეკრანის საერთო ზომებით, რაც აძნელებს თითოეული მათგანის დანარჩენებისგან გამორჩევას ეკრანის მეშვეობით, ვინაიდან უმეტესობას მსგავსი ზომები ექნება.

მომხ. წარმდგენისა და საოპერაციო სისტემის შენიღბვა
მომ. წარმდგენი არის ტექსტური მნიშვნელობა, რომელსაც ვებსაიტები იყენებს თქვენი ბრაუზერის, საოპერაციო სისტემის (OS), პროცესორის არქიტექტურის, მწარმოებლისა და ვერსიის მონაცემების დასადგენად.
ვინაიდან ამ მონაცემებით მჟღავნდება, თუ რომელ საოპერაციო სისტემასა და მოწყობილობას იყენებს მომხმარებელი, ესაა ამოცნობის პირდაპირი საშუალება, რომლითაც ვებსაიტებსა თუ მეთვალყურეებს შეუძლიათ ცალკეული მომხმარებლის სხვებისგან გამორჩევა.
Tor-ბრაუზერი ამის არიდებას ცდილობს მომხ. წარმდგენის შენიღბვით. მომხმარებლებს არ შეუძლიათ ცალკეული საოპერაციო სისტემის არჩევა ან ნებისმიერი შესაძლო პლატფორმის მიმსგავსება.
სამაგიეროდ, Tor-ბრაუზერი ერთგვაროვანს ხდის მომხ. წარმდგენის მნიშვნელობებს, რომ მეტად განურჩეველი გახადოს და აიცილოს პირადულობის დაცვის ცრუ შეგრძნების :
- ყველა Windows ჩანს, როგორც Windows 10.
- ყველა macOS ჩანს, როგორც OS X 10.15.
- ყველა Android, როგორც Android 10.
- ყველა სხვა სისტემა, როგორიცაა Linux-ზე დაფუძნებულები (მათ შორის Tails და Qubes), *BSD და სხვა საოპერაციო სისტემები ჯგუფდება და აღინიშნება, როგორც „Linux გარსით X11“.
- ყველა სხვა მონაცემი (არქიტექტურა თუნდაც) აგრეთვე ირჩევა საშუალოდ თითოეულ პლატფორმაზე.
ამ შემთხვევაში, ამოცნობის ასარიდებელი მიდგომა Tor-ბრაუზერში მიმართულია მომხ. წარმდგენის ნამდვილი მნიშვნელობების დასაცავად შენიღბვით, თუმცა მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ჯგუფების შენარჩუნებით.
მომხ. წარმდგენი ეგზავნება ვებსაიტებს HTTP-თავსართით, რომელიც ხელმისაწვდომია JavaScript-ის თვისებით navigator.userAgent
.
არათანმიმდევრულობამ ამ მნიშვნელობებისა შეიძლება გამოიწვიოს ბოტებისა და თაღლითობის აღმკვეთი საშუალებების ამოქმედება, რის შედეგადაც Tor-მომხმარებლები მიჩნეული იქნებიან ბოტებად, მათი მოთხოვნები კი დარჩება უარყოფილი, რასაც უკუ შედეგი ექნება Tor-ბრაუზერის სარგებლიანობაზე.
პირადულობის ხელსაწყოთა ნაწილი და ზოგიერთი მომხმარებელი გვთავაზობს, რომ დაფარვის საუკეთესო გზა ყველას Windows-მომხმარებლად გამოჩენა იქნება.
მიუხედავად ამისა, სრულყოფილი შენიღბვა ყველა ბრაუზერის მოცვით შეუძლებელია და ამოცნობის მოქმედი ხერხებით (შრიფტებზე, შესაძლებლობებზე, ქცევებზე დაკვრივებით JavaScript-ის გამოყენებითა თუ მის გარეშე) ჩვეულებრივაა შესაძლებელი აპარატურისა და საოპერაციო სისტემის მახასიათებლების დადგენა.
Tor-ბრაუზერი მომხმარებლებს არ აძლევს საშუალებას აირჩიონ, რომელი საოპერაციო სისტემით გამოჩნდნენ.
ეს განგებაა ასე: არჩევის ნებისმიერი შესაძლებლობა მხოლოდ გააიოლებს მომხმარებლის სხვებისგან გამორჩევას, და შესაბამისად, მის ამოცნობასაც.
ერთგვაროვნების შეზღუდული საშუალებები არსებითი მნიშვნელობისაა მომხმარებელთა განურჩევლობისთვის, რაც უზრუნველყოფს პირადულობის საყოველთაო დაცვას.
ამოცნობის ასარიდებელი სხვა შესაძლებლობები
გარდა მოჩარჩოებისა, Tor-ბრაუზერი აღჭურვილია სხვა მრავალი შესაძლებლობითაც ბრაუზერის ამოცნობის აღსაკვეთად და მომხმარებლის პირადულობის უზრუნველსაყოფად.
მათ შორისაა, HTML5-გამოსახვით შედგენილი სურათის მოპოვების აღკვეთა, NoScript-ხელსაწყოს ჩაშენება და მონახულებული გვერდის სხვებისგან განცალკევება.
სრული ჩამონათვალის გასაცნობად, იხილეთ Tor-ბრაუზერის შემუშავებისა და ჩამოყალიბების მასალები.