JAVASCRIPT
JavaScript არის დაპროგრამების ენა, რომელიც საშუალებას იძლევა, ვებსაიტებზე გამოყენებული იყოს ურთიერთქმედი ნაწილები, როგორებიცაა ვიდეოები, მოძრავი სურათები ან ხმოვანი ფაილები და მათი გადახვევის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, JavaScript, სამწუხაროდ აგრეთვე გამოიყენება ბრაუზერის უსაფრთხოებაზე შეტევებისთვის, რაც ვინაობის გამჟღავნების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
Tor-ბრაუზერი შეიცავს დამატებას დასახელებით NoScript.
ხელმისაწვდომი იქნება „დამატებებსა და თემებში“, რომელსაც იხილავთ მთავარ მენიუში (≡).
მონახეთ NoScript დამატება და დაწკაპეთ, რომ გაიხსნას არე, საიდანაც შეძლებთ სურვილისამებრ გამართვას.
შესაბამის არეში, ხელსაწყოთა ღილაკის გვერდით, აირჩიეთ „გამოჩენა“.
შედეგად გამოჩნდება ღილაკი NoScript ბრაუზერის მისამართების ველის მარჯვნივ.
ამ ღილაკით შეგიძლიათ მართოთ JavaScript და სხვა სკრიპტები ვებგვერდებზე თითოეულის ცალ-ცალკე გაშვებით ან ყველას სრულად შეზღუდვით.
გვერდების მონახულებისას მაღალი უსაფრთხოების საჭიროების მქონე მომხმარებლებმა Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების დონედ უნდა მიუთითონ „მეტად დაცული“ (რომელიც JavaScript-ს გათიშავს HTTPS-ს არმქონე საიტებზე) ან „სრულიად დაცული“ (რომელიც იმავეს გააკეთებს ყველა ვებსაიტზე).
მიუხედავად ამისა, თუ გაითიშება JavaScript, ვებსაიტების უმეტესობა ვერ იმუშავებს გამართულად, ასე რომ Tor-ბრაუზერის ნაგულისხმევი პარამეტრებით ნებადართულია სკრიპტების გაშვება „ჩვეულებრივ“ რეჟიმში.
ბრაუზერის დამატებები
Tor-ბრაუზერი დაფუძნებულია Firefox-ზე და ნებისმიერი დამატება ან თემა რომელიც თავსებადია Firefox-სთან, ასევე შეიძლება დაყენდეს Tor-ბრაუზერშიც.
მიუხედავად ამისა, Tor-ბრაუზერზე გამოსაყენებლად შემოწმებული დამატებები მხოლოდ ისინია, რომლებიც მოჰყვება ნაგულისხმევად. ნებისმიერი სხვა დამატების დაყენებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს Tor-ბრაუზერის მუშაობას ან საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებასა და პირადი მონაცემების დაცვას. ასე რომ, სხვა დამატებების დაყენება მეტად არასასურველია და Tor-პროექტის მიერ არაა მხარდაჭერილი.
FLASH PLAYER
Flash იყო ფაილების სამართავი პროგრამა, რომელიც გამოიყენებოდა საიტებზე ვიდეოებისა თუ სხვა ურთიერთქმედი მასალების საჩვენებლად, თუნდაც თამაშების.
ნაგულისხმევად გათიშული იყო Tor-ბრაუზერში, ვინაიდან შეიძლება გამჟღავნებულიყო ნამდვილი მდებარეობა და IP-მისამართი.
Tor-ბრაუზერში აღარაა მხარდაჭერილი Flash და ვეღარ ამუშავდება.
Flash-ის შესაძლებლობების დიდი ნაწილი ჩაანაცვლა HTML5-სტანდარტმა, რომლის მუშაობასაც მეტწილად უზრუნველყოფს JavaScript.
ვიდეოსაიტები, მათ შორის YouTube და Vimeo, გადასულია HTML5-ზე და აღარ ესაჭიროება Flash.