Tor-ბრაუზერი იყენებს Tor-ქსელს თქვენი პირადულობისა და ვინაობის გამჟღავნებისგან დასაცავად. Tor-ქსელის გამოყენებას ორი მთავარი უპირატესობა გააჩნია:

  • თქვენი ინტერნეტმომსახურების მომწოდებელი, დამსაქმებელი და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი ზედამხედველი თქვენი კავშირისა, ვერ შეძლებს თვალი ადევნოს თქვენს მოქმედებებს ინტერნეტში, მათ შორის მონახულებული გვერდების დასახელებებსა და მისამართებს.

  • ვებსაიტების ან მომსახურებების უკან მდგომნი და ნებისმიერი სხვა მათი თვალყურისმდევნებელი იხილავს მხოლოდ იმას, რომ კავშირი მოდის Tor-ქსელიდან, ნაცვლად თქვენი ნამდვილი ინტერნეტმისამართისა (IP), შესაბამისად ვერ გაიგებენ ვინ ხართ, სანამ თავად არ გაამხელთ საკუთარ ვინაობას.

ამასთანავე, Tor-ბრაუზერი არ აძლევს საშუალებას ვებსაიტებს დაგიმახსოვრონ ან ამოგიცნონ ბრაუზერში გამართული პარამეტრების მიხედვით.

ნაგულისხმევად, Tor-ბრაუზერი არ ინახავს მონახულებული გვერდების ისტორიას. ფუნთუშები მოქმედია მხოლოდ ერთი სეანსი (Tor-ბრაუზერის დახურვამდე ან ახალი ვინაობის მოთხოვნამდე).

როგორ მუშაობს TOR

Tor წარმოადგენს გვირაბების ერთგვარ ქსელს, რომელიც საშუალებას გაძლევთ პირადი მონაცემების დაცვით და უსაფრთხოდ ისარგებლოთ ინტერნეტით. Tor აგზავნის მონაცემებს სამი შემთხვევით არჩეული მომსახურე კომპიუტერის (ე.წ. გადამცემი წერტილის) გავლით Tor-ქსელში. წრედის ბოლო გადამცემი კი (ანუ „გამსვლელი წერტილი“) ამ მონაცემებს, შემდგომ აგზავნის ღია ინტერნეტში.

როგორ მუშაობს Tor

ზემოთ გამოსახულ სურათზე ნაჩვენებია, მომხმარებლის მიერ საიტების მონახულება Tor-ით. შუალედური, მწვანე კომპიუტერები წარმოადგენს გადამცემებს Tor-ქსელში, ხოლო სამი გასაღები აღნიშნავს დაშიფვრის სამმაგ შრეს, მომხმარებელსა და ცალკეულ გადამცემს შორის.