JAVASCRIPT

JavaScript არის დაპროგრამების ენა, რომელიც საშუალებას იძლევა, ვებსაიტებზე გამოყენებული იყოს ურთიერთქმედი ნაწილები, როგორებიცაა ვიდეოები, მოძრავი სურათები ან ხმოვანი ფაილები და მათი გადახვევის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, JavaScript, სამწუხაროდ აგრეთვე გამოიყენება ბრაუზერის უსაფრთხოებაზე შეტევებისთვის, რაც ვინაობის გამჟღავნების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

Tor-ბრაუზერს მოჰყვება დამატება სახელად NoScript, რომელთან წვდომისთვისაც უნდა გადახვიდეთ „პარამეტრებში“ მთავარი მენიუდან (≡), შემდეგ აირჩიოთ „მორგება“ და „S“ ხატულა ჩაჭიდებით გადაიტანოთ ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში. NoScript საშუალებას გაძლევთ მართოთ JavaScript (და სხვა სკრიპტები), რომელიც ეშვება ცალკეულ გვერდებზე, ანდა სრულად გათიშოთ.

გვერდების მონახულებისას მაღალი უსაფრთხოების საჭიროების მქონე მომხმარებლებმა Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების დონედ უნდა მიუთითონ „მეტად დაცული“ (რომელიც JavaScript-ს გათიშავს HTTPS-ს არმქონე საიტებზე) ან „სრულიად დაცული“ (რომელიც იმავეს გააკეთებს ყველა ვებსაიტზე). სამაგიეროდ, JavaScript-ის გათიშვა ხელს შეუშლის საიტების გამართულად მუშაობას, ასე რომ Tor-ბრაუზერში ნაგულისხმევად ნებადართულია ყველა საიტზე სკრიპტების გაშვება „ჩვეულებრივი“ რეჟიმით.

ბრაუზერის დამატებები

Tor-ბრაუზერი დაფუძნებულია Firefox-ზე და ნებისმიერი დამატება ან თემა რომელიც თავსებადია Firefox-სთან, ასევე შეიძლება დაყენდეს Tor-ბრაუზერშიც.

მიუხედავად ამისა, Tor-ბრაუზერზე გამოსაყენებლად შემოწმებული დამატებები მხოლოდ ისინია, რომლებიც მოჰყვება ნაგულისხმევად. ნებისმიერი სხვა დამატების დაყენებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს Tor-ბრაუზერის მუშაობას ან საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებასა და პირადი მონაცემების დაცვას. ასე რომ, სხვა დამატებების დაყენება მეტად არასასურველია და Tor-პროექტის მიერ არაა მხარდაჭერილი.

FLASH PLAYER

Flash იყო ფაილების სამართავი პროგრამა, რომელიც გამოიყენებოდა საიტებზე ვიდეოებისა თუ სხვა ურთიერთქმედი მასალების საჩვენებლად, თუნდაც თამაშების. ნაგულისხმევად გათიშული იყო Tor-ბრაუზერში, ვინაიდან შეიძლება გამჟღავნებულიყო ნამდვილი მდებარეობა და IP-მისამართი. Tor-ბრაუზერში აღარაა მხარდაჭერილი Flash და ვეღარ ამუშავდება.

Flash-ის შესაძლებლობების დიდი ნაწილი ჩაანაცვლა HTML5-სტანდარტმა, რომლის მუშაობასაც მეტწილად უზრუნველყოფს JavaScript. ვიდეოსაიტები, როგორიცაა YouTube და Vimeo, გადასულია HTML5-ზე და აღარ იყენებენ Flash-ს.